thanksgiving day (konkursistvis)

Day 2,970, 02:33 Published in Georgia Venezuela by deviko99

ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს მადლიერების დღეს (Thanksgiving Day) აღნიშნავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაული ქვეყანაში. იგი პირველად 1621 წელს იზეიმეს პლიმუტის კოლონიაში მცხოვრებმა ინგლისელმა კოლონისტებმა. წინა ზამთრის პირობებით შეწუხებულ კოლონისტებს არც ახალი ზამთარი უქადდათ სიკეთეს და მაშინ გუბერნატორმა უილიამ ბრედფორდმა გადაწყვიტა ქვეშევრდომთა სულიერად გამხნევება. მან მოაწყო მადლიერების დღე, რომელიც ერთად გადაიხადეს ბრიტანელმა კოლონისტებმა და მათმა მეზობელმა ინდიელებმა, რომელთა დახმარებითაც პლიმუტის კოლონიამ გადაირჩინა თავი იმ პირველ მშიერ ზამთარში. პურიტანელებმა ამ დღესასწაულში ჩააქსოვეს ღრმად რელიგიური აზრი - მათ სურდათ მადლი გამოეხატათ შემოქმედის მიმართ, მისი უსაზღვრო მოწყალებისათვის. შემდგომში მადლიერების დღე ეროვნულ დღესასწაულად დააკანონა ჯორჯ ვაშინგტონმა 1789 წელს.

დღესასწაულში გამოსაჩენ ადგილზეა ინდაური - პირველ დღესასწაულზე კოლონისტებმა და ინდიელებმა შეწვეს და მიირთვეს მახლობელ ტყეში მოკლული ოთხი ინდაური. მას შემდეგ ინდაური მადლიერების დღის განსაკუთრებული სიმბოლოა.

ამ დღეს თან ახლავს ტრადიციები, რომელთაც ამერიკელები წმინდად ინახავენ - ოჯახის ყველა წევრი მიდის ეკლესიაში, ხოლო მღვდელმსახურების დასრულებისთანავე იკრიბებიან სადღესასწაულო სუფრასთან. მადლიერების დღის დადგომამდე ამერიკელები ეწევიან ქველმოქმედებას - ცდილობენ იმ ახლობლებისა და მოყვასის დაპურებასა და გახარებას, რომელთაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლა. საქველმოქმედო ორგანიზაციები საგანგებოდ არიგებენ საჩუქრებს უპოვართათვის; მეტროშიც კი ეწყობა მაგიდები, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დადოს საკუთარი შესაწირი, მათ შორის - პროდუქტები.