Official News of Georgia #5+1 სპეცნომერი!

Day 2,824, 13:13 Published in Georgia Serbia by MORAL1994


აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან“ (ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში — სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.

გვახსოვდეს და პატივი ვცეთ,იმ პატრიოთ ადამიანებს,ვინც საქართველოს გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის,იბრძოდა მუდამ,რაც შეეხება"სეთ/სრ/უს" მას არასოდეს,ჩვენი და მსოფლიო ისტორიის მანძილზე,არაფერი არ გაუკეთებია გამორჩენის გარეშე.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
ღმერთი ფარავდეს!


ჩვენ დავბრუნდებით!


ცხინვალი — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი საქართველოში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ყოფილი ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1934-1961 წლებში ქალაქს „სტალინირი“ ერქვა. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 870 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 42 ათასი (1989 წ.). სახელი წარმოსდგება მცენარე რცხილადან, ძველი ქართულით ქრცხილა, აქედან ქრცხინვალი.

დღევანდელი ცხინვალის ტერიტორია პირველად ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი ნამოსახლარები და საყოფაცხოვრებო ნივთები უნიკალურია იმ მოსაზრებით, რომ მათში აშკარაა გავლენა როგორც იბერიული ისე კოლხური კულტურების, შესაძლო სარმატული ელემენტებით.

პირველი ქრონიკები ცხინვალზე ქართულ წყაროებში თარიღდება 1398 წელს, როგორც სოფელი ქართლში, თუმცა უფრო გვიანდელი წყარო მოიხსენიებს III საუკუნის იბერიის მეფე ასფაგურის მიერ ამ ადგილას ციხე-სიმაგრის დაარსებას. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ცხინვალი იყო მცირე სამეფო დაქვემდებარების ქალაქი, რომელიც ძირითადად სამონასტრო ბერებით იყო დასახლებული. ცხინვალი რუსეთის იმპერიამ შეიერთა დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად 1801 წელს. მდებარეობდა რა სავაჭრო გზაზე, რომელიც აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიას თბილისსა და გორთან, ცხინვალი თანდათან კომერციულ ქალაქის ტიპის დასახლებად გადაიქცა შერეული ებრაული, ქართული, სომხური და ოსური მოსახლეობით.

საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობის პერიოდში 1918-20 წლებში აქ მოხდა შეტაკებები საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და პრობოლშევიკურ ოსურ აჯანყებულ გლეხებს შორის. საბჭოთა წყობა დამყარდა 1921 წლის მარტში შემოსული წითელი არმიის მიერ, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ცხინვალი ახლად ჩამოყალიბებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი გახდა საქართველოს სსრ-ის ფარგლებში. შემდგომში საბჭოთა „კორენიზაციის“ პოლიტიკისა და ინტენსიური ურბანიზაციის შედეგად ქალაქი მეტწილად გარშემო მდებარე სოფლებიდან მიგრირებული ოსი ეროვნების მოსახლეობით დასახლდა.


1991-92 წლის კონფლიქტში დაღუპულთა მემორიალი წმინდა გიორგის ეკლესიის ფონზე.
საბჭოთა პერიოდში ქალაქი ძირითადად ინდუსტრიული ცენტრი იყო ხე-ტყის გადამმუშავებელი ქარხნებითა და საფეიქრო ფაბრიკებით. გაჩნდა ასევე რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც, მათ შორის სახელი გაითქვა პედაგოგიურმა ინსტიტუტმა (ამჟამად ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დრამატულმა თეატრმა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების პერიოდში ცხინვალი ეთნიკური დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფრონტაციის მოწმე გახდა. 1992 წელს სოჭში დადებული შეთანხმებით ცხინვალი ოსი სეპარატისტების ხელში დარჩა, რამაც ქართული მოსახლეობა იძულებული გახადა ქალაქი დაეტოვებინა.

ამჟამად ცხინვალი თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დედაქალაქის ფუნქციას ატარებს. ქალაქი შედარებით მშვიდობიანია, თუმცა შესამჩნევად გაღატაკდა ორ კონფლიქტურ მხარეს შორის პილიტიკური შეთანხმების არარსებობის გამო.

2008 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით ქალაქში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და რუსული არტილერიის უმოწყალო დაბომბვის შედეგად ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

1770 წელს ქალაქში 700 კომლი ცხოვრობდა. „დიდი ლიახვის კიდეზედ, არს მცირე ქალაქი ქრცხინვალი, კეთილ ჰაეროვანი, მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი“ — აღნიშნავდა ვახუშტი მის შესახებ. ეს თავისებურება შენარჩუნებულ იქნა XX საუკუნის 20-იან წლებამდე. შემდგომში დემოგრაფიული სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა[საჭიროებს წყაროს მითითებას].

1910 წლის აღწერით ცხინვალის მოსახლეობა იყო 5.033 ადამიანი, მათ შორის იყვნენ: 42.3% ქართველი ებრაელები, 33% ქართველები, 13.4% სომხები და 11% ოსები. 1989 წელს ჩატარებული საბჭოთა ცენზის მიხედვით ცხინვალის მოსახლეობა შეადგენდა 42.934 ადამიანს. ამჟამად მისი მოსახლეობა დაახლ. 20.000-ს შეადგენს.
(იხ. ცხრილი)

ეროვნება 1886 1922 1959 1970 1989
ქართველები 1,1 1,4 4,6 5,5 6,9
ოსები - 0,6 12,4 20,8 31,5
ებრაელები 1,9 1,7 1,6 1,5 0,4
სომხები 0,7 0,8 0,9 0,8 0,7
რუსები - 0,1 1,6 1,2 1,8
სულ (ათასებში) 3,8 4,6 21,6 30,3 42,3


ქალაქში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - კავთის წმ. გიორგის ეკლესია, რომლის უძველესი სამშენებლო ფენა მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. აქ არის აგრეთვე ციხე-გალავანი (1718 წ.), ღვთისმშობლის მიძინების, კვირაცხოვლის და ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიები. ცხინვალში არის ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის რეზიდენცია.